ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში არსად არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე;
ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის — ერთიანობა;
ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი;
ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე;
ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას;
ანუ, გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები;
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი „ქოცური“ ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება „ქოცური“ პროპაგანდის ინსტრუმენტი“, – წერს თინა ბოკუჩავა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გამოაქვეყნენული პრესრელიზის თანახმად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.