უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის განრისხება სპეცოპერაციის გამო, რომლის შედეგადაც 41 რუსული ბომბდამშენი განადგურდა, არავის აინტერესებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ZOOM-ის საშუალებით საუბრისას განუცხადა.
კონკრეტულად, პრეზიდენტს ჰკითხეს, შეცვალა თუ არა უკრაინის ოპერაცია „ობობის ქსელმა“ ომის დინამიკა და შექმნა თუ არა უკრაინისთვის უკეთესი მოლაპარაკების პოზიციები.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს ოპერაცია ნამდვილად ამცირებს რუსეთის პოტენციალს და ნამდვილად აჩვენებს რუსებს, რომ უკრაინა შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს და თუ ისინი არ გაჩერდებიან, უკრაინა გაავაგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
„ოპერაციამ ასევე აღადგინა რწმენა უკრაინაში და აღადგინა რწმენა პარტნიორებს შორისაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ რუსები ამ ოპერაციის გამო უკრაინაზე განრისხებულები არიან.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ამ ოპერაციის წინა დღეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ოკუპანტებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები, რამაც მოსახლეობაში მსხვერპლი და ზიანი გამოიწვია.
„ეს ყოველდღე ხდება. ზოგჯერ არის მცირე პაუზები და გულწრფელად გეტყვით, ჩვენ უკვე „პაუზებს“ ვუწოდებთ იმ ღამეებს, როდესაც მკვლელობები არ ხდება, მაგრამ დრონები მაინც არიან.
და არიან დაშავებულებიც. ანუ, ეს პაუზაა მასობრივ დარტყმებთან შედარებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ ათობით დრონსა და ფრთოსან რაკეტაზე.
ამიტომ, რუსეთის განრისხება არავის აინტერესებს. რუსეთი ომის დასრულებისკენ უნდა წავიდეს. ჩვენ, როგორც მთელმა მსოფლიომ, უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მაინც შევაჩეროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან აღ ნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მკაცრ ნაბიჯებს ელის - სანქციების შენარჩუნებას და ვლადიმირ პუტინის იძულებას, შეწყვიტოს ომი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ ომის შეჩერების პირველ ეტაპამდე - ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლა.
„და მე მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციით, ჩვენ ამის მიღწევას უფრო სწრაფად შევძლებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ნამდვილად იმოქმედა თუ არა ოპერაცია „ობობის ქსელმა“ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის ქცევაზე და შემცირდა თუ არა მათი მხრიდან მუქარა უკრაინის წინააღმდეგ.
„რამდენადაც მე ვიცი, პირიქით, რუსულმა მხარემ ისაუბრა, რომ უკრაინიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი აბსოლუტურად სწორად მოიქცა“, - თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას, იგი ასეთ მუქარებს უშედეგოდ მიიჩნევს.
„(რუსული) დელეგაცია, როგორც მითხრეს, ცოტა უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ, მათი თავხედობა ისეთია, როგორიც არის.
„თავხედი ადამიანები ცოტა უფრო მოკრძალებულად მოიქცნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიება დაგვჭირდეს და შემდეგ ყველა შეეცდება, ადამიანურად მოქცევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.