თბილისს საერთაშორისო ფესტივალის "Art Folk Fest - Spring 2025" ფარგლებში იერუსალიმის ბავშვთა ცეკვის ანსამბლი სტუმრობდა. ფესტივალზე მათ ებრაული ფოლკლორული ცეკვები წარმოადგინეს.
ანსამბლი “ისრაელის სახლსაც” ეწვია, სადაც მათ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ უმასპინძლა. მან სტუმრებს “ისრაელის სახლის” საქმიანობა გააცნო. გაიმართა შაბათის მიღება და 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად ამჟამად ტერორისტთა ტყვეობაში მყოფი 58 გატაცებულის სოლიდარობის აქცია.
ანსამბლმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა “ისრაელის სახლის” ღონისძიებაში. ორი წლის წინ მათ ორგანიზაციის ინიციატივით იერუსალიმში, დავითის კოშკის ეზოში გამართულ ჰასბარას - ისრაელის მხარდამჭერ კონფერენციაზეც რამდენიმე ცეკვა შეასრულეს.
იციკ მოშეს თქმით, მნიშვნელოვანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავება, იერუსალიმის ბავშვთა ცეკვის ანსამბლის ვიზიტი კი კულტურული დიპლომატიის ნაწილია.
“ისრაელის ელჩები, "ჰორა იერუსალიმი", ახალგაზრდა მოცეკვავეები, თბილისის სცენაზე დაუვიწყარი ენერგიით ავიდნენ. მათ "ისრაელის სახლში" შაბათის მიღებაც გამართეს, "ჰასბარას" აქცია ჩაატარეს და 58 გატაცებულის გათავისუფლების მოთხოვნით მკაფიო და მტკიცე განაცხადი გააკეთეს.
ისინი გამოირჩევიან ცეკვის ყველა სტილში, ინარჩუნებენ ებრაულ ტრადიციებს, გამოირჩევიან სამშობლოს სიყვარულში და რამდენიმე წელიწადში ჯარის ფორმებით დაგვიცავენ - როგორც ისრაელელი! ცრემლებამდე სიამაყით ვივსები!”, - განაცხადა იციკ მოშემ.
ფესტივალს "Art Folk Fest - Spring 2025" თბილისი 27-31 მაისს მასპინძლობდა. მისი მიზანი იყო ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, მსოფლიო ფოლკლორული კულტურის პოპულარიზაცია, მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება.
ფესტივალში მონაწილეობდენ ფოლკლორული ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
