უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ჯერ არ წარადგინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ე.წ. „მემორანდუმი“, რომელიც თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის საგანი უნდა იყოს.
„ახლა არც ჩვენ, უკრაინაში და არც თურქეთში, როგორც მასპინძელ ქვეყანას, არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია რუსული, ეგრეთ წოდებული, „მემორანდუმის“ შესახებ. რატომღაც, რუსები ამ დოკუმენტს მალავენ. აბსოლუტურად უცნაური პოზიციაა. ფორმატის გააზრება არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, მოსკოვში დიპლომატიის უნარები სრულიად დაკარგეს. [რუსეთი] გამუდმებით რაღაცას აკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ მსოფლიოში ყველაზე არაადეკვატური სუბიექტია. მაგრამ სწორედ ეს არწმუნებს ყველას, რომ ახალი ზეწოლაა საჭირო - ზეწოლა რუსეთზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პარასკევს საღამოს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარს გეგმავს.
„ჩვენ ვცდილობთ, შესაძლო შეხვედრას რეალური შინაარსი მივცეთ. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს, რადგან რუსების მიერ დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველი დღე დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.