შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იზრდება ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters იუწყება.
რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი და თეთრი სახლის მრჩეველი დაჟინებით მოითხოვენ მოსკოვზე ზეწოლის დაუყოვნებლივ გაძლიერებას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გამო.
ტრამპი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას აქვს შანსი, ვლადიმირ პუტინთან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.
მან ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციები „ხშირად არაეფექტურია“ და მხოლოდ ზრდის დაძაბულობას.
ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინის ქმედებების გამოპრეზიდენტის იმედგაცრუება იზრდება.
„ის ყოველთვის ეძებს სხვადასხვა გზებს, რომ ზეწოლა მოახდინოს. ეს გამონაკლისი არ არის. ის ყოველთვის აწონ-დაწონის თავის ვარიანტებს“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, რომელიც საბანკო და ენერგეტიკის სექტორებზე შეზღუდვებს მოიცავს.
კონგრესში ასევე შეთავაზებულია კანონპროექტი, რომელიც რუსული ნავთობის შემძენი ქვეყნებიდან იმპორტზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ეს ტრამპს საშუალებას მისცემს, დისტანცირება მოახდინოს გადაწყვეტილებისგან და კრემლთან კონტაქტი შეინარჩუნოს.
ამავდროულად, რესპუბლიკელი ჩაკ გრასის თქმით, „დროა, საკმარისად მკაცრი სანქციები იქნას გამოყენებული, რათა პუტინმა გააცნობიეროს, რომ თამაში დასრულდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ მას შეეძლო უკრაინაში ომის დასრულება 24 საათში, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთიდან განხორციელებულმა ახალმა სარაკეტო თავდასხმებმა, მისი რიტორიკა შეცვალა.
პუტინთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი „ცეცხლს ეთამაშება“ და „სრულიად შეიშალა“.
„თუ მე მიმაჩნია, რომ შეთანხმებასთან ახლოს ვარ, არ მინდა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ყველაფერი გავაფუჭო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს სანქციების დაწესების გადადების შესახებ საუბრისას.