თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი 29-30 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას მიწვევით, უკრაინას ეწვევა.
თურქული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფიდანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შეხვდება.
თურქი მინისტრი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგა სიბიჰასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანდრიი ერმაკთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რომელიც სტამბოლში 16 მაისს რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფიდანი შეხვედრებზე აპირებს განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე კიდევ ერთხელ დაადასტუროს ანკარის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
ამასთან, თურქული მხარე აპირებს, ყურადღება გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
ასევე მოსალოდნელია, რომ ანკარა გამოხატავს მზადყოფნას გააგრძელოს მედიაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების ახალი რაუნდების ხელშეწყობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების საკითხებს და თურქეთის მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღდგენაში.
ასევე მოსალოდნელია, რომ ხაზი გაესმება ანკარის მხარდაჭერას ყირიმელი თათრების უფლებების მიმართ და დადებითი შეფასება მიენიჭება კიევის საკანონმდებლო ინიციატივებს ამ სფეროში, ასევე გამოითქმება სურვილი, გააგრძელონ პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, ფიდანი შეხვდება უკრაინის სახალხო დეპუტატს და ყირიმელი თათრების ეროვნულ ლიდერს მუსტაფა ქირიმოღლუს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს რეფატ ჩუბაროვს და გაგაუზური საზოგადოების წარმომადგენლებს.