ისტორიაში პირველად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სტუმარმა. მათ შორის იყვნენ ლიბანის მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ლიბანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიბანში არჩილ ძულიაშვილმა და საქართველოს საპატიო კონსულმა მტანუს ლუფტიმ. მათ ლიბანურ მხარეს მადლობა გადაუხადეს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობის მიღებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
,,ბეირუთი, ისევე როგორც თბილისი, არის უძველესი ქალაქი, რომელმაც გამოიარა სირთულეები და გამოიჩინა გამძლეობა. ორივე ქალაქმა კარგად იცის თავისუფლების და მშვიდობის ფასი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პირველად აღნიშვნა არა მხოლოდ სიმბოლურია, არამედ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. ეს გვახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარმატებულია. დღევანდელი დღე გვიხსნის შესაძლებლობას, დავამყაროთ მჭიდრო კავშირები ჩვენს ორ ცივილიზაციას შორის. ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ სახელმწიფოს მშენებლობას მდიდარი ისტორიის, კულტურის, იდენტობის და ეროვნული სიამაყის საფუძველზე. ქართულ-ლიბანური ურთიერთობების განვითარებას საუკეთესო საწინდარი გააჩნია.
მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ლიბანში. მადლობა სითბოსთვის, მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.