10-დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
მას მაშველები 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. ის მდინარეში ავტომანქანით გადავარდა, რომელშიც მის გარდა კიდევ სამი მგზავრი იყო. საბედისწერო ავარიის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა ოთხი პირიდან ერთი პირი მდინარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, მოგვიანებით კი ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხეს ამ დრომდე ეძებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ „მერსედესის“მარკის ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავა მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.