მნიშვნელოვანია, შევქმნათ ალტერნატიული პროცესი, რომელიც უნდა მოიცავდეს სახალხო პლებისციტის თუ სახალხო აზრის დაფიქსირების უზრუნველყოფას, მათ შორის ელექტრონული არჩევნების ფორმების გამოყენებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონული არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს.
„მნიშვნელოვანი არის, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებაში ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომ ჩვენ ჩვენი მონაწილეობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა შევუწყოთ ხელი რეჟიმს, ლეგიტიმაცია მოახდინოს და არჩევნები ჩავატარებინოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ალტერნატიული პროცესი და ეს ალტერნატიული პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების ფორმატის გამოყენებით სახალხო პლებისციტი იქნება თუ აზრის დაფიქსირება, ამ პროცესის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება ქილიკს, რომ აპლიკაცია არ არის, ესტონეთში არ არის დანერგილი და ა.შ. მარტო ერთ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი გამოცდილება დაახლოებით სამოცი ათასი ადამიანის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების და და დღევანდელ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში უამრავი აპლიკაცია არსებობს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ, ამის გამოცდილება გვაქვს და ეს პრობლემა არანაირად არ იქნება. მთავარი არის, რომ პოლიტიკური პარტიები ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ, ვინ შეუწყობს ხელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაციაში ან ვინ დარჩება ქართველ ხალხთან და ვინ გააგრძელებს საპროტესტო მოძრაობას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.