უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში რუსულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკატასი გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა მიუთითებს მოსკოვის უგულებელყოფაზე მოლაპარაკებების მიმართ, რადგან იქ არავინ არის, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციაში.
„რუსეთის დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, პრეზიდენტ ტრამპის, თურქეთის დელეგაციისა და პრეზიდენტ ერდოღანის მაღალი დონის პატივისცემის გამო - და კვლავაც იმის სურვილით, რომ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ პირველი ნაბიჯები მაინც გადაიდგას - გადავწყვიტე, ჩვენი დელეგაცია სტამბოლში გავგზავნო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დააკონკრეტა, რომ თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ; ამასთან, იქ არ იქნებიან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური შტაბის უფროსი.
„რაც შეეხება დღის წესრიგს, მათი ნომერ პირველი მანდატი იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგებში ეჭვი ეპარება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ რუსები „რაღაცას მაინც აჩვენებენ“.