ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამმა – ცალ ფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალ ფეხზე დგომა არის მათი წესი და ნირი. სინამდვილეში, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთი ინსტრუქციას მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 21-ე საუკუნეში რადიკალურ ოპოზიციაში არის საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, რომელსაც აქვს ცალ ფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი „ლუზერები“ არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.