როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილსა და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით.
ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილსა და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.
როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა.
მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად.
აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში სავარაუდოდ, საუბარია რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლ "ლიბერტეზე" . სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში "სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართა. "ლიბერტეს“ ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და ასევე, აკრძალულია გადაღება. თუმცა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან მცირე ნაწყვეტი გავრცელდა.