თუ მოულოდნელად ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა,უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებასთან დაკავსირებით უშედეგო აღმოჩნდება, არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ შუამავლის როლი შეასრულონ.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსურვებთ შეერთებულ შტატებს წარმატებას შუამავლობის მცდელობებში, მაგრამ თუ ეს ძალისხმევა ჩაიშლება, სხვა კანდიდატებიც არიან.
არსებობს თურქეთი, რომელიც ინარჩუნებს საკომუნიკაციო არხებს და შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც აქვს უნიკალური საშუალებები, რათა აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - თქვა სიკორსკიმ.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შუამავლობა სთხოვა. მედიისვე ცნობით, ერდოღანი დადებითად არის განწყობილი შეთავაზებული წინადადების მიმართ.