უკრაინაში ომი უახლოეს მომავალში არ დასრულდება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
Fox News-ის ჟურნალისტ ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თითოეულმა მხარემ ახლა უკვე იცის, რა პირობებს აყენებს მეორე მხარე მშვიდობის მისაღწევად და ახლა ყველაფერი „რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული“.
„ისინი უნდა შეთანხმდნენ და შეაჩერონ ეს სასტიკი, სასტიკი კონფლიქტი. ის არსად გაქრება, ბრეტ. ეს უახლოეს მომავალში არ დასრულდება. დიახ, უკრაინელები გაბრაზებულები არიან, რადგან მათ თავს დაესხნენ. მაგრამ ისინი კვლავ კარგავენ ათასობით ჯარისკაცს რამდენიმე მილის ტერიტორიის გამო. იმედი მაქვს, ორივე მხარე გონს მოეგება. და თუ ასე მოიქცევიან, ეს იმიტომ მოხდება, რომ დონალდ ტრამპმა XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება შესთავაზა“, - დასძინა ვენსმა.