გერმანიის მთავრობა შეშფოთებულია, რომ საქართველოში საზოგადოების უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მმართველი პარტია აპირებს პარლამენტში ხელახლა შეიტანოს კანონპროექტი უცხოური გავლენის შესახებ.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა „დოიჩე ველეს“ განუცხადა.
ჰოფმანმა გაიხსენა, რომ „საქართველოს მთავრობა გასულ წელს უპირობოდ დაპირდა ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღებას“ და დასძინა: „არადა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიჰყვება რეფორმების გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამით აცხადებს თავის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“.
შეშფოთებულები არიან ცნობებით საქართველოში მმართველი პარტიის გეგმების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
„შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს. პრესისა და მედიის თავისუფლება... არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, -განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა.
„და საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამით გაწევრიანების ისტორიული შანსი, ამის შესახებ იციან“, - აღნიშნა ფიშერმა.
მისი თქმით, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ეს თემა, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, პარასკევს, 12 აპრილს, გერმანიაში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას განიხილება. ბერლინში დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან.