ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან სასწრაფო შეხვედრას გეგმავენ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის წარდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის გუნდის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ დეტალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასწრაფო შეხვედრას ამზადებენ.
შეხვედრაში, სავარაუდოდ, მონაწილეებს შორის იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელმაც ამ მიზნით სასწრაფოდ შეცვალა თავისი პარასკევის გეგმები.
საუბარი, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაიმართება.
ევროპელი ლიდერები ამერიკულ მხარესთან ერთობლივი საუბრის გამართვაზე შეთანხმდებიან.
შეგახსენებთ, გამოცემა Axios-მა გაავრცელა "სამშვიდობო გეგმის" დეტალები, რომლის თანახმად: უკრაინამ უნდა დათმოს თავის ტერიტორიის ნაწილი, შეზღუდოს სამხედრო ძალები და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ამასთან, Financial Times-ის თანახმად, აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას 27 ნოემბრამდე დათანხმდეს.