ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ამ ადამიანებს ოპოზიციას ვეღარ ვეძახი. ზოგი ამბობს, ჩაყოლას ჩათრევა სჯობს და საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას აქებენ. ამბობენ, ბრძოლის ველზე გამოსასვლელად კარგია, ციხეში კი არ იჯდე, არამედ აღიარებდე, თუნდაც თაღლითურად იმ დანაშაულს. ზოგი ამბობს, რომ იქ უნდა იჯდე, ვიდრე ყველა, ვინც მათ გამო ზის ციხეში და იდეას შესწირეს თავისი ცხოვრების რაღაც პერიოდი, იქ არიან. არის კიდევ მესამე აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ მართლაც ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის გამარჯვება და შენარჩუნება, დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში ტურბულენტობა და დესტაბილიზაცია აღარ იყოს. სამივე მიმართულებას ვუშვებ, მაგრამ აქ მთავარია სახელმწიფოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, ციხეში ჩასმა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე სინდისის, პოლიტიკური პატიმრები არიან. ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ, იქნებ, ვინმე დაფიქრდეს საკუთარ ქვეყანაზე და კანონს თუ დაუპირისპირდებიან, კანონი დაუპირისპირდებათ. ფაქტია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კონკრეტული ზარები იყო, იქ ბაჩანა ახალაია იყო ჩართული, თვითონ პაატა ბურჭულაძე ინსტრუქციებს იღებდა. ზოდელავაც მობილიზაციას აკეთებდა, თუმცა ის ძალა ვერ შეკრიბეს, რასაც თავად ეძახდნენ – მამაკაცური ძალა უნდა შევიკრიბოთო. ფაქტია ისიც, რომ რაღაც იარაღიც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც შემოჰქონდათ საქართველოში. ვერავინ ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობენ, ძალიან კარგსაც ვაკეთებდითო. დაჩემებული აქვთ, წამებას ადგილი არ ჰქონიაო და თუ ჰქონდა, სწორსაც ვაკეთებდითო. შავაძე მოღალატე იყო და უნდა დაეხვრიტათ, ტრასაზე უნდა გადმოეყვანათ და 60 ტყვია უნდა ესროლათო. ასეთი უტიფარი პოზიციაც არსებობს. საერთოდ მოწყალება, შეწყალება, დათმობა ის სტილია, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანი დაუპირისპირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.