უზბეკეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დე ფაქტო შეუერთდეს დასავლეთის ფინანსურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2024 წლის დასაწყისში 11 ათასზე მეტ მოქალაქესა და კომპანიას მოიცავდა. ამის შესახებ წერს The Moscow Times.
ამრიგად, უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საბანკო ოპერაციებს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
ქვეყნის პარლამენტის პრესსასმახურის ცნობით, ეს კანონპროექტი შემოთავაზებული იქნა უზბეკეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების გამოყენების რისკის გამო.
კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, კანონპროექტი საჭიროა „საბანკო სექტორში სანქციების შესაბამისობის სისტემის ეფექტურობის გასაზრდელად“.
აღნიშნულია, რომ უზბეკეთმა, რომელიც გახდა ე.წ. „პარალელური იმპორტის“ ერთ-ერთი ჰაბი რუსეთში და რუსეთის მოქალაქეებისთვის „ბარათის ტურიზმის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე მიიღო, რომელთაგან 60 ათასმა საბანკო ანგარიში გახსნა.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაციიდან უზბეკეთში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 160%-ით - რეკორდულ 14,5 მილიარდ დოლარამდე (2022 წელს). რუსი მეწარმეები კი რეკორდსმენები გახდნენ ქვეყანაში გახსნილი კომპანიების რაოდენობით.
თუმცა ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების ცენტრალურ აზიაში არაერთი ვიზიტის შემდეგ, უზბეკეთის ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებისათვის პირობები გაამკაცრეს.