რატი ბრეგაძემ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გაკეთებას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.
„ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი – ეს იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რათა ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი; ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს და ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან; იმაზეც ვისაუბრე, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი; მეოთხე, რაზედაც ვისაუბრე – ეს იყო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა სამართლებრივი ფორუმები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ჩეხეთთან, ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ევროკავშირთან დაახლოებას... მე ვისაუბრე ამ 4 პუნქტზე, თუმცა, ქალბატონმა ანამ ეს ან არ, ან ვერ შეისმინა. მე ამაზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე, ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა – „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრობის კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.