უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წინასწარ შეთანხმდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერაზე.
„1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან პროგრამას უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის ღირებულებაა 50 მილიარდი ევრო. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი შეთანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერაზე“, - თქვა შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე.
ამგვარად, შმიჰალი ელოდება, რომ წელს ევროკავშირი შეძლებს უკრაინის ფინანსურ დახმარებას დაახლოებით 2023 წლის დონეზე.
გარდა ამისა, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს წელს უკრაინას 11,8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარება გამოუყოს. „ამ საკითხზე ამერიკის კონგრესის პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა შმიჰალმა.