მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პატარა ბავშვი გათვლიდა შეასძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რომელიც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა.
„9 აგვისტოს, მაშინ, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ, ბრძოლის ველზე გმირულად იღუპებოდნენ, გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები არსებობს ამის თაობაზე. მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, ვკარგავდით, ხდებოდა ოკუპაცია. მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს და აქვს საზოგადოებას არის, თუ რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ომის სათანადო პრევენცია, რატომ ვერ შეფასდა რისკები.
ამას მარტივად, პატარა ბავშვი გათვლიდა შეასძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.