ძვირადღირებულ კურორტებზე უკრაინის რადას დეპუტატების დასვენების სკანდალის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ დეპუტატებსა და მაღალი თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა.
ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„ეს მართალია, ყველა დეპუტატსა და თანამდებობის პირს აეკრძალა უკრაინიდან გასვლა. ადამიანებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. ახლა შესაბამისი ორგანოები დეტალურად შეამოწმებენ შვებულების, მოწვევებისა და სხვა სახის საბუთებს.
ისე რომ არ მოხდეს, რომ ადამიანებს აქვთ შვებულება ვილნიუსში, ისინი კი ხორვატიიდან ბრუნდებიან, სადაც კიდევ ერთ კვირას ჩერდებიან. შემუშავდა დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს შვებულებებს და მივლინებებს საზღვარგარეთ სამხედროების მიმართაც. არის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით სკანდალურმა პირებმა, მას შემდეგ რაც მანდატს დაკარგავენ, შეძლონ, გაწვევის უწყებების მიღება და საომრად წასვლა“, – განუცხადა უკრაინულ მედიასაშუალებას ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა საზღვარგარეთ ყველა მაღალჩინოსნისა და დეპუტატის გაშვების აკრძალვის მითითება მიიღეს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატ იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე დასვენებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. ახლა მოწმდება მისი დასასვენებლად წასვლის კანონიერების ფაქტი, მიუხედავად ოფიციალური პირებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვისა.