რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი მორიგ აუდიომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ყველგან სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს. „სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩაეხუტნენ ჩვენს მებრძოლებს. ახლა როსტოვში შევდივართ”, - ამბობს პრიგოჟინი. მიმართვას მისი პრესსამსახური ტელეგრამარხში აქვეყნებს.
„მივდივართ წინ. ვინმე თუ შეგვიშლის ხელს, ყველას გავანადგურებთ. მივდივართ ბოლომდე“, – აცხადებს „ვაგნერის“ მეთაური.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა როსტოვში ფედერალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იგორ კრასნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადად მოახსენა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა კი „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ ევგენი პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები.
გარდა ამისა, გავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. როსტოვში სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე ათეული ბორტით გაუშვეს.
შეგახსენებთ, მანამდე პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. მისი განცახდებით, დაქირავებულ მებრძოლთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად. ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას. შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა გუშინ გავრცელებუ მიმართავში პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.