რუსული ავიახაზები Azimut და ქართული Georgian Airways მომავალი კვირიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ, თუ საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ბოლო ფორმალობები დაკმაყოფილდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РБК წერს.
"Azimuth-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენები 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს კი – 18 მაისიდან". – წერს რუსული მედია.
როგორც გამოცემას საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა, ფრენებიშესაძლოა არა 18 მაისს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით დაიწყოს.
РБК-ის წყაროებს ცნობით, Azimuth-ი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს.
ამასთან, გაიაშვილის თქმით, მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს.
ასევე ცნობილია, რომ Azimut იფრენს Superjet თვითმფრინავით, რადგან ისინი ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც კრძალავს მომსახურებას უცხოეთის აეროპორტებში. მსგავსი თვითმფრინავი ჰყავს გადამზიდველ Red Wings-ს, რომელმაც უკვე მოითხოვა საქართველოში ფრენების ნებართვა.