საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებები ლაივ რეჟიმშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ჩვენ ციფრულ პარტნიორ veli.sotre-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store.