საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ნანა მალაშხია ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის.
ნანა მახარაძე კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.
„მინდა, მოვიწვიო ორი ადამიანი – ნანა მახარაძე, რომლის სურათი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე, ნანა მალაშხია, რომელიც გახდა ევროპული მომავლის საქართველოს სახე და გავიდა საზღვრებს გარეთ. ამით დავანახეთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.
მინდა, ვთქვა ისიც, რომ მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს, ასევე ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომლებიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.
