8 აპრილიდან, ძმები ზუბალაშვილების სახელობის თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (გიორგი ტოვსტონოგოვის 2), გაიხსნება მწერალ დიანა ანფიმიადის „სალამურას კლუბი“, რომელიც 6-10 წლის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.
ათი გაკვეთილის განმავლობაში, დიანა ანფიმიადისთან ერთად პატარები წაიკითხავენ და გააცოცხლებენ არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალს“. კითხვის პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და თამაშებით იქნება დატვირთული, რომელიც ყველაზე მოუსვენარ მკითხველებსაც ნაყოფიერი შემეცნებითი პროცესის ნაწილად აქცევს.
„საბავშვო ლიტერატურა ის სივრცეა, სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად უნდა გრძნობდეს. სალამურას ინკლუზიური განათლების კლუბი ერთმანეთისგან განსხვავებულ პატარა მკითხველებს მოუყრის თავს, რომელთაც მთავარი რამ გააერთიანებს - დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა და ამბების მოსმენის სურვილი“, - ამბობს მწერალი დიანა ანფიმიადი.
„სალამურას კლუბი“ ინკლუზიური სივრცეა, სადაც ყველა ბავშვს უსმენენ და ყველა ბავშვი უსმენს საბავშვო ლიტერატურის ჯადოსნურ ამბებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ოფიციალურ გვერდზე.