დღეს, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყებენ
როგორც ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ აღნიშნა, ევროპული საქართველო პარტნორ ორგანიზაციებთან ერთად დღეს 20:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
მისი თქმით, ამ ადამიანს სანამ ბრალს წაუყენებდნენ, ქართული ოცნების ტროლ-ბოტებმა მანამდე დაიწყეს ამ ადამიანისა და მისი ოჯახის გაშავება. ამ ქმედებით ხელისუფლებამ მესიჯი გაუგზავნა ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ოცნების რუსული კანონი გააპროტესტა, ამიტომ ლაზარეს დაცვა და ქართული ოცნების ტყვეობიდან გამოგლეჯვა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია.
დღეს საღამოს კანცელარიასთან ჩანიშნულ აქციას ასევე გამოეხმაურა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.
„შემდეგ შაბათს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ლაზარეს აღდგინების დღესასწაულს და ლაზარე არა მარტო რელიგიური სიმბოლოა ქართველებისთვის, არამედ ის არის სეკულარული სიმბოლო, რადგან ის ქართველებმა დავუკავშირეთ სამშობლოს, ქართულ ენას - კი, გვტანჯავენ; კი, გვებრძვიან, მაგრამ დამარხულებიც კი აღვდგებით. ასეთი სიმბოლოა ლაზარე.
ასევე, სიმბოლურად მეჩვენება, რომ ქართულმა ოცნებამ მსხვერპლად ლაზარეს სახელის მქონე ადამიანი შეარჩია. თან კიდევ უფრო ამყარებს ამ სიმბოლოს ის აშკარა უსამართლობა, რაც ლაზარეს გარშემო ხდება. ეს რომ ნამდვილად უსამართლობაა შეგვიძლია კარგად დავინახოთ მთავრობის ლიდერთა განცხადებებშიც, რომლებმაც ჯერ გაშავება დაიწყეს აქციის მონაწილეების - ჩამოთვალეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც "აშავებდნენ" აქციის მონაწილეებს. თითქოს ისინი იყვნენ სატანისტები, ტატუიანი, პირსინგიანი ხალხი და მერე უკვე მონახეს მსხვერპლი - ამ აღწერილობასთან შესაბამისი ადამიანი.
ამიტომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ეს უსამართლობა ცხადია ყველასთვის. რატომღაც კობახიძეს ჰგონია, რომ ისეთი უსახურია ქართველი ხალხი, როგორც თვითონ და ჰგონია, რომ შინაარს არ მივაქცევთ ყურადღებას. ამ უსამართლობაზე თვალს დავხუჭავთ, რადგან შეიძლება გარეგნობით არ მოგვეწონოს ადამიანი. გვინდა, რომ ვაჟას სიტყვებით ვთქვათ ჩვენი სათქმელი - "ბიჭობა ათასი სახის მქონეა" და გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარია შინაარსი და ჩვენ ამ შინაარსის დასაცავად ვდგავართ. ლაზარეს აღდგინება შაბათსაა, ამიტომ შევიკრიბებით ყოველ შაბათს მანამ, სანამ ეს უსამართლობა არ დასრულდება” - თქვა სალომე ხვადაგიანმა
აქციას ასევე შეურთდება „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“, როგორც ორგანიზაციის წევრი, ნინო თოდრია აღნიშნავს დღეს 20;00 საათზე შეიკრიბება ყველა გაბრაზებული ადამიანი, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ლაზარეს.
„ის ერთ-ერთი ჩვენთაგანია, მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ მხოლოდ მას არ ეხება ეს პროცესი, ეს ეხება ყველას, ნებისმიერს შეიძლება მიადგეს სახლში ქართული ოცნება და დააკავოს მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტი გამოთქვა პარლამენტის წინ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართული ოცნება დღეს არ წარმოადგენს ხელისუფლებას, ის არის ძალა, რომელიც ცდილობს ხალხის დამონებას, მათი სასამართლო სრულიად ჰგავს კაფკას პროცესს და მათ მიერ ჩატარებული იმიტირებული სასამართლო პროცესები არის სწორედ საქართველოში კრიზისის წყარო“ - თქვა ნინო თოდრიამ