საქართველოში სტუმრად იმყოფება ისრაელელი ყოფილი მინისტრი ისაუი ფერიჯ, რომელსაც „ისრაელის სახლი“ მასპინძლობს.
ის იყო პირველი არაბი მინისტრი ისრაელის მთავრობაში და ხელმძღვანელობდა რეგიონულ კავშირებს. ისაუი ფერიჯი შედიოდა ისრაელელ პარლამენტართა დელეგაციაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ ალბანეთში „ისრაელის სახლის“ გახსნას დაესწრო.
ისრაელელი სტუმარი გაეცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, შეხვდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას, მოინახულა ქართველი შინდლერების პარკი; დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან ისრაელიდან და საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გივი მიქანაძესთან.
ყოფილმა მინისტრმა ვარკეთილში მონაწილეობა მიიღო „ისრაელის სახლისა“ და თბილისის საკრებულოს წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ორგანიზებით გამართულ გამწვანების აქციაში. მაჟორიტარმა დეპუტატმა ისრაელელ სტუმარს ახლად მოწყობილი პარკები დაათვალიერებინა. ისაუი ფერიჯის თქმით, ის აღფრთოვანებულია ნანახით და მომავალშიც აპირებს ჩამოსვლას და გამწვანების აქციაში მონაწილეობას.
ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრის აზრით, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას.