რუსეთის "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა. ინფორმაციას ადასტურებს გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ხელმძღვანელი კლაუს მიულერი.
"გაზპრომმა" ყოველწლიური გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მოტივით, ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება 11 ივლისს შეაჩერა.
მილსადენის ოპერატორი კომპანიის Nord Stream AG-ის წარმომადგენლის თქმით, ყოველდღიურად 67 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდა. ეს მოცულობა შეესაბამება იმ მოცულობას, რაც იყო "სარემონტო სამუშაოების" დაწყებამდე, თუმცა ეს არის მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის მხოლოდ 40%.
დანარჩენი 60%-ი რუსეთმა ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა იმ მოტივით, რომ კანადიდან ვერ დაიბრუნა Siemens-ის ტურბინა, რომელსაც მონრეალში სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.
კანადის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარი თქვა ტურბინის დაბრუნებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო. თუმცა, გერმანულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ, კიევის პროტესტის მიუხედავად, 17 ივლისს ტურბინა გერმანიაში გაიგზავნა. მის მიწოდებას და მორგებას კიდევ 9-12 დღე დასჭირდება. ტურბინის მიღების შემდეგ, განახლდება თუ არა გაზის მიწოდება 100%-ით, ჯერჯერობით უცნობია.
19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დაახლოებით 26 ივლისისთვის, შესაძლოა, გაზის მიწოდება კვლავ შენელდეს, რადგან "შესაკეთებელია კიდევ ერთი ტურბინა". ამავე დროს, პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ამოქმედდეს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი, რომლის სერტიფიცირება გერმანიის ხელისუფლებამ თებერვალში შეაჩერა.
ბერლინის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამოქმედება არ განიხილება, რადგან ახალ გაზსადენს არ აქვს სერტიფიცირება.