შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები სწავლობენ უკრაინელი პილოტების გადამზადების შესაძლებლობებს. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ ჩარლზ ბრაუნზე დაყრდნობით.
ბრაუნის თქმით, "ეს არის გრძელვადიანი ძალისხმევის ნაწილი, რათა დაეხმარონ კიევს ძლიერი და სტაბილური საჰაერო ძალების მშენებლობაში, რაც უკრაინას სამომავლოდ დასჭირდება".
მისივე თქმით, უკრაინელი მფრინავების მომავალი მომზადება კომპლექსური საკითხია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უკრაინაში საომარ მდგომარეობას და კიევის შესაძლებლობას, გაიყვანოს მფრინავები ბრძოლის ველიდან ხანგრძლივი მომზადებისთვის.
კითხვაზე, რა დრო დასჭირდება უკრაინელ პილოტს ამერიკულ გამანადგურებელზე გადასვლისთვის, ბრაუნმა აღნიშნა, რომ ამერიკელი პილოტებისთვის ეს დრო ორი-ოთხი თვეა, საბჭოთა სისტემიდან გადასვლა კი "ცოტა უფრო რთული იქნება."
ბრაუნმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია მიმართოს ნატოს მოკავშირეებს, რომლებსაც აქვთ საბჭოთა თვითმფრინავებიდან დასავლურ სისტემებზე გადასვლის გამოცდილება.