ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი, ირანის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი ქამალ ხარაზი აცხადებს, რომ თეირანს უკვე აქვს ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქამალ ხარაზი Al Jazeera-ს ესაუბრა.
"საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობები ბირთვული ბომბის წარმოებისთვის, მაგრამ ამის გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული", - თქვა ხარაზმა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები რთულია, მხარეებს შორის უნდობლობის გამო.
ხარაზის მტკიცებით, ისრაელი ამჟამად "სისუსტის ფაზაში" იმყოფება და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხარდაჭერა მას წინ ვერ წასწევს".
ამავდროულად, ქამალ ხარაზმა მუქარის შემცველი განცხადება გააჟღერა.
"მეზობელი ქვეყნების მიერ ჩვენი უსაფრთხოების მიზანში ამოღებას პასუხი მოჰყვება და პირდაპირი პასუხი ისრაელისთვის", - თქვა მან.
ირანელი მაღალჩინოსნის ამ განცხადებების ფონია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისტორიული ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ, ისრაელში, პალესტინის ავტონომიასა და საუდის არაბეთში.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივ დეკლარაციაში პირობა დადეს, რომ ხელს შეუშლიან ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში.
ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან წვდომის დაუშვებლობაზე ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთში ვიზიტისასაც გაამახვილა ყურადღება. სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გამართულ ერთობლივ სამიტზე, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.