ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და პორტუგალია, განაგრძობენ ტყის ხანძრებთან ბრძოლას, რასაც უკიდურესად ართულებს ანომალიური სიცხე.
ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, მეხანძრეები ერთდროულად 30 ხანძარს ებრძვიან, მათგან 19 ხანძარი გავრცელებას განაგრძობს.
ესპანეთში ხანძარმა დაახლოებით 14 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ამავდროულად, მთელი კვირაა ქვეყანაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია.
ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტო იტყობინება, რომ ორშაბათიდან ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა საგრძნობლად არა.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ჟირონდის დეპარტამენტში უკვე დაიწვა 11000 ჰექტარი, ხანძრის გამო 14000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 1200-მდე ადამიანი იყო ჩართული.
ხანძარი მძვინვარებს პორტუგალიაშიც. ადგილობრივი მედია 5 ხანძრის კერის ლიკვიდირების შესახებ იუწყება. ამავდროულად, 14 ივლისს პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ დროიდან, რაც ქვეყანაში ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყეს.
პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ექსტრემალური ტემპერატურის შედეგად 659 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მოხუცები. უმეტეს რეგიონებში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა, ხოლო ვიზეუს მეტეოროლოგიურ სადგურზე ხუთშაბათს თერმომეტრმა 47°C დაფიქსირდა.
საბერძნეთში ბოლო დღეების განმავლობაში ხანძრის 71 კერა აღირიცხა.
ჰაერის ექსტრემალურ ტემპერატურას მოელიან უახლეოს დღეებში დიდ ბრიტანეთშიც. ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, 18-19 ივლისს ინგლისში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40°C-ს მიაღწიოს და დაძლიოს წინა რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა - 38,7 °C.