შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ცოლი და მისი სამი შვილის დედა, ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
"ძალიან მწუხარებით ვატყობინებ ყველას, ვისაც ის უყვარდა და ბევრია ასეთი ადამიანი, რომ ივანა ტრამპი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა", - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე Truth Social.
ივანა ზელნიჩკოვა 1949 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. ის 1977 წელს დაქორწინდა დონალდ ტრამპაზე. წყვილი ერთმანეთს 1992 წელს, 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამ ქორწინებიდან ტრამპებს სამი შვილი შეეძინათ - დონალდ უმცროსი, ერიკი და ივანკა.

დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის ნახსენები ივანას გარდაცვალების მიზეზი. New York Post-ის ცნობით, ივანას გული გაუჩერდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ივანა ტრამპი აქტიურად იყო ჩართული დონალდ ტრამპის ბიზნესსაქმიანობაში. იგი მეუღლესთან ერთად მუშაობდა Trump Tower-ის მშენებლობაზე, რომელიც მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე მდებარეობს და სხვა გახმაურებულ პროექტებზე, როგორიცაა Trump Taj Mahal კაზინო ატლანტიკ სიტიში.
ივანა ტრამპი ასევე იყო ვიცე პრეზიდენტი Trump Organization-ში ინტერიერის დიზაინის საკითხებში და მართავდა ისტორიულ Plaza Hotel-ს, რომელიც ტრამპმა 1988 წელს შეიძინა.
ტრამპთან განქორწინების შემდეგ, ივანა კიდევ ორჯერ დაქორწინდა.