ევროკავშირი უკრაინაში ომის გაჩაღების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, რომელშიც კვლავ ვერ მოხვდება რუსული გაზი. აღნიშნულის თაობაზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Reuters-თან საუბრისას განმარტა.
ჩეხეთი ამ დროისთივს, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.
ფიალას განცხადებით, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობს, რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული რუსული გაზი, რადგან ბლოკის ძალიან ბევრი წევრი ქვეყანა ვერ ახერხებს საკმარისად სწრაფად ადაპტირებას.
მისივე თქმით, მეშვიდე პაკეტი ითვალისწინებს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, ასევე გაფართოვდება ორმაგი დანიშნულების პროდუქტების სია, რომლის ექსპორტი აკრძალულია რუსეთში და სანქციები დაუწესდება ფიზიკურ პირებს.
მოელიან, რომ ევროკომისია სანქციების მეშვიდე პაკეტთან დაკავშირებულ წინადადებებს უახლოეს დღეებში წარადგენს. ევროკომისიის წინადადებები იმისათვის, რომ ამოქმედდეს, ევროკავშირის საბჭომ უნდა მოიწონოს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების 6 პაკეტი მიიღო.