უკრაინა გამორიცხავს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვსა და კიევს შორის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მომდინარეობს.
"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის მოლაპარაკებებში ჩვენი საბოლოო პოზიცია", - განაცხადა კულებამ.
ამავდროლად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რომელიც სტამბოლში უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, შესაძლოა, ფინალურ ეტაპს უახლოვდებოდეს.
შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.
მოლაპარაკებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სატელეფონო საუბარი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, რა დროსაც მხარეებმა შავ ზღვაში პორტების განბლოკვის საკითხზე ისაუბრეს.