შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს რატიფიცირებისთვის წარუდგინა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლები.
ბაიდენმა სენატორებს მოუწოდა, სწრაფად მოახდინონ პროტოკოლების რატიფიცირება. მსგავსი თხოვნით ბაიდენმა ნატოს მოკავშირეებსაც მიმართა.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად იმოქმედონ ეროვნულ დონეზე რატიფიცირებისას, მიმდინარე გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით", - აღნიშნავს ბაიდენი განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინეს ალბანეთმა, გერმანიამ, დანიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ისლანდიამ, პოლონეთმა და ნორვეგიამ.
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენს. ამ პროცესს შესაძლოა ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდეს.