აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააძლიერებს ევროპაში სამხედრო ყოფნას, რათა განამტკიცოს რეგიონალური უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მადრიდში, ნატოს სამიტზე გახსნაზე, ჯო ბაიდენმა ალიანსის გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან ერთად განაცხადა, "ნატო ძლიერი და ერთიანია და ნაბიჯები, რომლებსაც ამ სამიტზე გადავდგამთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ ძალას".
ბაიდენმა თქვა, რომ აშშ შექმნის მუდმივ შტაბ-ბინას პოლონეთში, შეინარჩუნებს 3000 ჯარისკაცისგან შემდგარ დამატებით როტაციულ ბრიგადას რუმინეთში, გააძლიერებს როტაციულ განლაგებას ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გაგზავნის დამატებით ორ F-35 გამანადგურებელ ესკადრონს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო გერმანიასა და იტალიაში დამატებით განალაგებს საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებებს.
"დღეს ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენი ძალების კონფიგურაციას ევროპაში და უპასუხებს ცვალებად გარემოს, ასევე გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას", - თქვა ბაიდენმა.
თავის მხრივ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე და დასძინა, რომ მოსკოვი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალიანსის წევრების უსაფრთხოებას.