მოსკოვში, „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედრები იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლში, უნივერსიტეტის გამზირზე მდებარე ბინაში იპოვა.
ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავაევმა ჯერ ცოლი და ქალიშვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ახლობლებმა პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი კარი შიგნიდან დახვდათ ჩაკეტილი. რუსული მედია იუწყება, რომ გამომძიებლებს ბინაში სხვა პირის კვალი არ აღმოუჩენიათ, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.