უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ალაპარაკდა. მოსკოვი კი უკვე საპასუხო ზომებით ემუქრება. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვისტი" ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ თუ ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთი მყისიერად უპასუხებს.
"ნატო-ში ფინეთის გაერთიანება მას რუსეთის საპასუხო ზომების სამიზნედ აქცევს", - განაცხადა ჯაბაროვმა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ფინეთის მოქალაქეებმა ხლი მოაწერეს პეტიციას ნატო-ში გაერთიანების შესახებ. მოსკოვში მყისიერად განაცხადეს, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას სერიოზული შედეგები მოყვება.
ამასთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი უკვე ამ გაზაფხულზე გადაწყდება. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ფინეთი დაარწმუნა, რომ თავისი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის უნდა გადაეხედა.