აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში დიდ სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო კონფლიქტის ალბათობა იზრდება და არა მცირდება. ამის შესახებ გენერალმა კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს მშვიდობისა და ევროპის, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მთელი ჩემი 42-წლიანი კარიერის განმავლობაში", - განაცხადა გენერალმა.
მილიმ აღნიშნა, რომ რუსეთი "ინარჩუნებს დიდ და მრავალფეროვან ბირთვულ შესაძლებლობებს, რათა საფრთხე შეუქმნას აშშ-სა და მის მოკავშირეებს".
ამავდროულად, მილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შექმნა "საშიში ისტორიული გარდატეხის მომენტი".
გენერალ მილის თქმით, არასწორი იქნება უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოლოდინი. მისივე თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელს გაგრძელდეს.
"მიმაჩნია, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა გაიზომოს. არ ვიცი, ათწლეულები თუ არა, თუმცა რამდენიმე წელი ნამდვილად. ვფიქრობ, რომ აშშ, ნატო, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ამაში დიდხანს იქნებიან ჩართულნი", - თქვა მან.