თუ რუსეთმა ჩვენთვის “მოიცალა”, ქართულ ოცნებასაც კი არ დატოვებს ხელისუფლებაში, იქნება კადიროვის ქართული ვერსია, - წერს სოციალურ ქსელში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ღირსება, იქ დავდგეთ სადაც ჩვენი მეგობრები და თავისუფალი სამყარო დგას.
"შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანს უნდოდეს ომი, საქართველოს და რუსეთის ზომების გათვალისწინებით კი, უბრალოდ გიჟი უნდა იყო ყველანაირად არ ცდილობდე ცხელი დაპირისპირება აირიდო თავიდან.
უბრალოდ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ რუსეთმა ჩვენთვის “მოიცალა”, ქართულ ოცნებასაც კი არ დატოვებს ხელისუფლებაში, იქნება კადიროვის ქართული ვერსია.
ხოლო ქართული ოცნების მიერ “არ გაღიზიანების” სამარცხვინო (და არაფრის მომტანი) პოლიტიკის შედეგი კი იქნება, რომ უბრალოდ მეგობარი და გულშემატკივარი აღარ გვეყოლება ძალიან დიდი ხანი.
ამიტომ, ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ღირსება, იქ დავდგეთ სადაც ჩვენი მეგობრები და თავისუფალი სამყარო დგას. რაც ამ ეტაპზე მინიმუმ იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ ქვეყანას და უკრაინას ომის “ვერ აცილება” არ დავაბრალოთ, უკრაინის მოქალაქეებს დახმარება აღმოვუჩინოთ და არავინ რომ გთხოვს ისეთი კომენტარები არ გავაკეთოთ სანქციებთან დაკავშირებით", წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე.