რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით ბირთვული წვრთნები ჩატარდება.
თავდაცვის უწყების ცნობით, სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნების ფარგლებში, დაგეგმილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება.
"სწავლებაში ჩაერთვებიან საჰაერო კოსმოსური ძალები, სამხრეთ სამხედრო ოლქი, სტრატეგიული სარაკეტო ძალები და ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების ძალები", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, წვრთნები დაგეგმილია სტრატეგიული ბირთვული და არაბირთვული იარაღის საიმედოობის შესამოწმებლად.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, წვრთნების მიმდინარეობას რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს სიტუაციური ცენტრიდან დააკვირდება. მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პუტინს ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც შეუერთდეს.
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, აუცილებელია, რომ ასეთი წვრთნების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდებს სახელმწიფოს მეთაური.
"ვინაიდან, კარგად იცით რას ნიშნავს, თქვენთვის ცნობილი "შავი ჩემოდანი", "წითელი ღილაკი" და ა.შ.", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ბირთვული წვრთნების გამართვა რეგულარული სასწავლო პროცესის ნაწილია და ამან დასავლეთის შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს.
ცოტა ხნით ადრე, Financial Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა შემოდგომაზე დაგეგმილი ბირთვული წვრთნები თებერვალში გადმოიტანა.