უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური თავმოყრის გამო, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.
შეხვედრა 18 თებერვალს მოსკოვში გაიმართება.
კრემლის განცხადებით, პრეზიდენტები რუსეთ-ბელორუსიის სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების განმტკიცებაზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს.
14 თებერვალს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აპირებს პუტინთან შეხვედრას "უახლოეს მომავალში". მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის ვადებსა და განრიგს, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო მანევრებში.
ბელარუს-რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების "საკავშირო სიმტკიცე 2022" მეორე ეტაპი 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვლამდე გასტანს. რუსეთი ირწმუნება, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარებს ბელარუსიდან გაიყვანს.
ბელარუსში რუსეთის სამხედროების მასშტაბური ყოფნა დასავლეთს აშფოთებს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთმა უკრაინაზე იერიში ბელარუსიდანაც მიიტანოს.