უკრაინამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი მიზნად ისახავს უსაფრთხოების განმტკიცებას და ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას.
"დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და ბედნიერება, გამოვაცხადოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ", - განაცხადა კულებამ.
ახალი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების შესახებ ოფიციალური განცხადება 2 თებერვალს, კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ვიზიტის ფარგლებში, უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, ლიზ ტრასი კორონავირუსით დაინფიცირდა და თანამშრომლობის დაანონსება გადაიდო.
კიევის განცხადებით, ფორმატის შექმნის ინიციატივით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა.
მაშინ, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებდა, რომ თანამშრომლობა ეფუძნება არა გეოგრაფიას, არამედ უკრაინის, პოლონეთისა და ბრიტანეთის საერთო პრინციპებს, უსაფრთხოების განმტკიცების, ვაჭრობის განვითარების სურვილს და მზადყოფნას კონკრეტული ქმედებებისთვის.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთს, უკრაინასა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რომლითაც სამივე ქვეყანაა დაინტერესებული.