ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
მისივე თქმით, თუ "დასავლეთი განაგრძობს ბელარუსზე თავდასხმას", მომავალში საკუთარ თავს მარადიულ პრეზიდენტად ხედავს.
"თუ დასავლეთი გააგრძელებს ბელარუსზე თავდასხმას, მე ვიქნები პრეზიდენტის პოსტზე სამუდამოდ", - თქვა ლუკაშენკამ ოსიპოვიჩის პოლიგონზე ვიზიტისას, სადაც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
მან ასევე დაასახელა მისი თანამდებობიდან წასვლის პირობები, თუმცა დასძინა, რომ არასდროს უთქვამს, რომ პოსტის დატოვებას აპირებდა.
"მე ვამბობდი, თუ რა პირობებში წავიდოდი. თუ კოლექტიური დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკელები, ბელარუსს სამიზნიდან ჩამოხსნიან და რაღაც მეთოდებით გადატრიალებებს არ მოაწყობენ, როგორც ეს იყო 2020 წელს, ყველაფერი იქნება კანონიერად, ფრთხილად და იქნება უფრო ადრე, ვიდრე თქვენ ან მათ უნდათ", - განაცხადა ლუკაშენკამ.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში ჩატარდა. ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადა. დასავლეთ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და არ აღიარებს ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად.