ევროპარლამენტმა დაამტკიცა კიევისთვის მაკროფინანსური დახმარების საგანგებო პროგრამა 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით.
16 თებერვალს სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, 694-დან 598-მა.
ფინანსური დახმარების პაკეტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.
დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. თანხა წლის განმავლობაში ორ ტრანშად გადაირიცხება.
უკრაინისთვის ფინანსური დახმარების თაობაზე, მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს "გადაუდებელ სესხებსა და გრანტებს".
მაკროფინანსური დახმარება გულისხმობს ევროკავშირის მიერ მეზობელი ქვეყნებისთვის შეღავათიანი პირობებით გამოყოფილ სესხებს.
ევროკომისიის მონაცემებით, 2014 წლიდან ევროკავშირმა და მისმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სესხი და გრანტი გადასცეს.