შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განკარგულებით, უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, კიევში აშშ-ის საელჩო დროებით დაიხურება, უკრაინაში დარჩენილი დიპლომატები და პერსონალი კი ლვოვში გადაინაცვლებენ.
ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ კიევში საელჩოს ფუნქციონირება "რაც შეიძლება მალე განახლდება".
მისი თქმით, საელჩო გააგრძელებს უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ძალისხმევას უკრაინის ირგვლივ სიტუაციის დეესკალაციისთვის.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დიპლომატიის გზა ღია რჩება, თუ "რუსეთი გადაწყვეტს, რომ მასში კეთილსინდისიერად ჩაერთოს".
ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
საელჩოს პერსონალის ლვოვში გადაყვანის შესახებ მანამდე კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, ამერიკულმა გამოცემამ Politico-მ, ოფიციალური პირების წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ 16 თებერვალს დაიწყებს.