რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინაში მორიგი სამხედრო დახმარება ჩავიდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინამ ლიეტუვისგან Stinger-ის სარაკეტო სისტემები და სხვა სამხედრო შეიარაღება მიიღო.
რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას და ლიეტუველ ხალხს მხარდაჭერისთვის.
Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბალტიის ქვეყნები უკრაინას Javelin-ისა და Stinger-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდიდნენ.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებაში იუწყებოდნენ, რომ გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებებს და გაუწიონ მას დამატებითი თავდაცვითი დახმარება, მის საზღვრებზე რუსული სამხედრო ზეწოლის გაზრდის გამო.
"ესტონეთი უზრუნველყოფს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, ხოლო ლატვია და ლიეტუვა "სტინგერის" საზენიტო რაკეტების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიწოდებას, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - ეწერა განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა აშშ-ის თანხმობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამერიკისგან შეძენილი იარაღის უკრანისთვის მიწოდების ნებართვა მისცა.
აშშ-ის ექსპორტის კონტროლის რეგულაციები ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღონ თანხმობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, სანამ აშშ-ისგან შეძენილ იარაღს მესამე ქვეყნებს მიაწოდებენ.