რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხომალდმა "მარშალ შაპოშნიკოვმა" "შესაბამისი საშუალებები" გამოიყენა ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის წინააღმდეგ, რომელიც მათივე ცნობით, კურილის კუნძულების სიახლოვეს, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით 10:40 საათზე მოხდა, კურილის კუნძულ ურუპის სიახლოვეს, სამხედრო წვრთნების დროს.
რუსი სამხედროების ცნობით, თავიანთ ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, რომელსაც შეტყობინება გადასცეს, რომ დაუყოვნებლივ ამოსულიყო ზედაპირზე, მაგრამ ნავის ეკიპაჟმა არ შეასრულა მოთხოვნა.
"ხმოვანი წყალქვეშა კომუნიკაციის რეჟიმში, უცხოური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს მიეცა შეტყობინება რუსულ და ინგლისურ ენებზე: "თქვენ ხართ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. სასწრაფოდ ამოდით ზედაპირზე!". ამერიკული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა უგულებელყო რუსული მხარის მოთხოვნა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ამის შემდეგ სამხედროებმა გამოიყენეს "შესაბამისი საშუალებები", მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ რა სახის საშუალებებზეა საუბარი.
უწყების მტკიცებით, ამის შემდეგ, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა "მაქსიმალური სიჩქარით დატოვა რუსეთის ტერიტორიული წყლები".
აღნიშნული ინციდენტის თობაზე ოფიციალური კომენტარი ვაშინგტონში არ გაკეთებულა. პენტაგონის სპიკერმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ სავარაუდო ინციდენტის თაობაზე პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად შეიტყვეს. "ამ ცნობების დეტალების დადასტურება ჯერ არ შეგვიძლია", - თქვა პრესსპიკერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროში დაიბარა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშე.
მოსკოვმა ინციდენტი შეაფასა, როგორც "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა" და განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავის ქმედებები "საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას".